ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას მრავალი გრძელვადიანი სარგებელი აქვს.
პირველ რიგში, ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისთვის და სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.
სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ეხმარება ბავშვებს შეინარჩუნონ ჯანსაღი წონა. ჯანსაღი კვება აბალანსებს მათ ენერგიას. ბავშვები, რომლებიც არასწორად იკვებებიან, ხშირად უენერგიოდ არიან, ან პირიქით, ახასიათებთ ენერგიის მატება და აღგზნებადობა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი კვების რაციონი დიდი რაოდენობით რაფინირებული შაქრის შემცველი პროდუქტებისგან შედგება.
ასეთი ჩვევების ბავშვობიდანვე დანერგვის შემთხვევაში, მათ ზრდასრულ ასაკშიც სწორი დამოკიდებულება ექნებათ საკვების მიმართ. შესაბამისად, ნაკლებად შეაწუხებთ ზედმეტი წონა და არასწორი კვებით გამოწვეული სხვა პრობლემები.
ქვემოთ მოცემული რჩევები გაგიმარტივებთ ბავშვებისთვის სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებას.
ასწავლეთ მაგალითით
ბავშვები ყველაზე უკეთ მაგალითით სწავლობენ. ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რას აკეთებთ, ვიდრე იმას, თუ რას ეუბნებით. ადრეულ ასაკში მათთვის დასწავლის ყველაზე ეფექტური ფორმა სწორედ სხვისი მიბაძვაა. რთული იქნება შეაყვაროთ ბავშვებს ჯანსაღი საკვები, თუ თავად არ მიირთმევთ მას.
შეამცირეთ სახლში არაჯანსაღი საკვები
არჩევანის გაკეთება ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს შორის გაცილებით იოლი იქნება, თუ სახლში მხოლოდ ჯანსაღი საკვები გექნებათ. ეცადეთ, შეამციროთ სახლში არაჯანსაღი საკვები. ჩანააცვლეთ ის ჯანსაღი ალტერნატივებით. წასახემსებლად ბავშვებს ხილი, ბოსტნეული და სხვა სასარგებლო “სნექები” შესთავაზეთ.
მოერიდეთ ფრაზას “ჯანსაღი საკვები უგემური, მაგრამ აუცილებელია”
ხშირად საკვების მირთმევისას მშობლები იყენებენ ფრაზას, „უგემურია, მაგრამ აუცილებელია, ამიტომ უნდა შეჭამო“. ეს მიდგომა ბავშვებს არასწორ შეხედულებებს უყალიბებს. საკვების გემოს მისი მომზადების წესი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ნებისმიერი საკვები იქნება გემრიელი, თუ მას “გემრიელად” მოვამზადებთ.
მასალის გამოყენების პირობები