ქართულ სუფრას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ მისი არსი არ იცვლება. საკვების გაყოფით ქართულ სუფრაზე ადამიანები როგორც სიხარულსა და პატივისცემას, ისე გაჭირვებასაც კი უზიარებენ ერთმანეთს.
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართული სუფრის ფენომენში მისი დიფერენცირებული ხასიათია, რადგან ლხინის სუფრის მენიუ, კერძების რიგითობა და სიტუაცია სრულიად განსხვავდება ჭირის სუფრისგან. ჭირის სუფრაზე როგორც მენიუ, ისე ტერმინოლოგია განსხვავებული იყო. მაგალითად, სიტყვა „თამადის“ ნაცვლად, სუფრის ხელმძღვანელს ამბობდნენ, სიტყვა „სადღეგრძელოს“ ნაცვლად – მოსახსენიებელს ან მისაგებებელს, მაგრამ მისი ფილოსოფიური არსი – თანაზიარობა და თანადგომა ერთი და იგივე იყო.
ქართულ სუფრას მკაცრად გაწერილი წესები აქვს, სადაც თამადის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული სუფრის თამადამ სავალდებულო სადღეგრძელოები უნდა შესვას. აღსანიშნავია, რომ ჭირისა და ლხინის სუფრის სადღეგრძელოები ერთმანეთისგან განსხვავდება. სადღეგრძელო, ქართული სუფრის ტრადიციების მიხედვით, სადიდებლის, სავედრებლის – ლოცვის ჟანრშია აყვანილი, სწორედ ამიტომ ეკისრება თამადას ასეთი დიდი პასუხისმგებლობა.
ქართულ სუფრას ხშირად „ლუკულუსის ნადიმებს“ ადარებენ, რადგან აქ შეიძლება ნახო ყველაფერი, რასაც ქართული სამზარეულო მოიცავს. განსაკუთრებულია ყველისა და პურის მრავალფეროვნება, მწვანილი, მჟავეული – ფერმენტირებული ბოსტნეული, მწვანილი და ხილიც კი, სხვადასხვა ფხალეულის ნაკრები, ჩაშუშულები თუ რიტუალური „ხაშლამა“, თევზეული თუ სოკო, წალამზე შემწვარი მწვადი, კუპატები და ხშირ-ხშირად შემოტანილი ცხელ-ცხელი ხაჭაპურები. ასევე, მაყვლის საწებელში ჩაწყობილი ვარია, ბაჟე, სუბპროდუქტების კუჭმაჭი, ჩაქაფული და ხინკალი.
ქართულ სუფრაზე ჩაროზებსაც მრავლად შეხვდებით: კამეჩის მაწონს თხილეულითა და თაფლით, თათარას, ჩურჩხელასა და ჩირეულს, სხვადასხვა ნამცხვარსა და ტკბილ სასმელებს.
ქართული სუფრის მთავარი ღირსება ღვინოა, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის – ღვინის სამშობლოსთვის ეს გასაკვირი არ არის. მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ათასი ვაზის ჯიშიდან 500-ზე მეტი ენდემური ქართული ჯიშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ სუფრაზე ღვინის არჩევანიც მრავალფეროვანია – რქაწითელი, მწვანე, ქისი, საფერავი, ციცქა, ცოლიკოური, ჩინური, ჩხავერი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ სუფრას მხიარული ამბების გახსენება, ლექსები, სიმღერები, გიტარა, აკაპელა და ცეკვა ალამაზებს, ამ ყველაფერს კი თამადა აორგანიზებს.
სუფრის დასასრულს ის ყველაწმინდის სადღეგრძელოს სვამს, სტუმრები კი თამადას ადღეგრძელებენ და თანაზიარობის ეს რიტუალიც ამით სრულდება.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები