ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიმიმტანირას ნიშნავს და რატომაა საერთაშორისო აკრედიტაცია სამედიცინო დაწესებულებებისთვის აუცილებელი

რას ნიშნავს და რატომაა საერთაშორისო აკრედიტაცია სამედიცინო დაწესებულებებისთვის აუცილებელი

საქართველოში, 286 სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაშია ჩართული, საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად ემზადება, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია, მსოფლიო დონის სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს. განსაზღვრულია პირობები და ვადა 2025 წლის პირველი იანვარია.

რას გულისხმობს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება, რატომაა ეს მნიშვნელოვანი საქართველოს მოსახლეობისთვის და ზოგადად, რა უნდა ვიცოდეთ კლინიკების აკრედიტაციაზე? – „ვერსია“ პროფესორს, მედიცინის დოქტორს, „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენელს საქართველოში, გიორგი ფხაკაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, თქვენ აკრედიტაციის ერთ-ერთ ორგანიზაციას – „აკრედიტაცია საქართველოს“ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანაში. რას ნიშნავს საერთაშორისო აკრედიტაცია კლინიკებისთვის და რას შეცვლის ეს ჩვენს ქვეყანაში?

– დავიწყოთ იმით, რომ აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა. ISO-ს საერთაშორიშო სერტიფიკაცია საქართველოში უკვე ცნობილია, ბევრი ქარხანა და წარმოებაა აკრედიტებული ISO-ს მიერ. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ინდოეთში საპირფარეშოები ISO-ს მიერაა სერტიფიცირებული.

ამიტომ, ზოგჯერ მეცინება ხოლმე, ზოგი კომპანია ისე ამაყობს ამ სტანდარტით, მაგრამ როცა ვსაუბრობთ აკრედიტაციაზე, ეს სულ სხვა პროცესია და ეს არ არის სტანდარტიზაცია. თუ ISO იმას უყურებს, დოკუმენტაცია არის თუ არა მოწესრიგებული, აკრედიტაცია, ამასთან ერთად, აკონტროლებს იმას, რომ პროცესები უნდა იყოს დალაგებული.

მსოფლიოში, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი ინტენსიურად, 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირველი ორგანო 1951 წელს, აშშ-ში ჩამოყალიბდა, რომელსაც ჰქვია Joint Commission და რომლის ძირითადი ფუნქცია სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტიზაციაა. 1958 წელს, მეორე ასეთი ორგანიზაცია – „აკრედიტაცია კანადა“ ჩამოყალიბდა ანუ, პრაქტიკულად, ყველაზე ძველი ორგანიზაციები მსოფლიოში ეს ორია. აშშ-ში, საავადმყოფოების უმრავლესობა აკრედიტებულია Joint Commission-ის მიერ, ხოლო კანადაში – „აკრედიტაცია კანადას“ მიერ.

შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობა აშშ-სა და კანადაში, აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თუ ვინმეს უნდოდა, მიეღო ერთი დოლარიც კი ფედერალური მთავრობისგან, მაშინ უნდა ჰქონოდა Joint Commission-ის აკრედიტაცია. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ საავადმყოფო აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ასე დაიწყო აკრედიტაციის მეშვეობით საავადმყოფოებსა და სახელმწიფოებთან ურთიერთობები. კანადაშიც აბსოლუტურად იგივე კონცეფციაა, რომელიც შემდეგ გადაიღეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა. 90-იან წლებში, ამ ორმა ორგანიზაციამ დაიწყო საერთაშორისო დონეზე მუშაობა.

ასე ჩამოყალიბდა Joint Commission International – JCI და „კანადა აკრედიტაცია“ დარჩა ამ სახელწოდებით, მათთან ერთად ათეულობით ორგანიზაცია შეიქმნა, რადგან აკრედიტაციაც დიდი მოთხოვნა იყო.

შესაბამისად, 90-იან წლებში, ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაცია ჟენევაში, რომელიც არის აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაციების აკრედიტატორია. პარალელურად, მაგალითად, საფრანგეთმა გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა საერთაშორისო სტანდარტებზე, რადგან ჰქონოდა საკუთარი, ეროვნული და ერთის გარდა, ყველა საავადმყოფო საფრანგეთში, აკრედიტაციის მიმნიჭებელი ეროვნული ორგანიზაციის მიერაა აკრედიტებული.

ორგანო რომ ჩაითვალოს საერთაშორისოდ, თავად უნდა იყოს აკრედიტირებული და მისი სტანდარტები უნდა იყოს საერთაშორისო დონის. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ორგანიზაციაა, რომლებიც არ არიან აკრედიტირებულნი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს იგივეა, მე და თქვენ რომ ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია და ვთქვათ, რომ საერთაშორისოა. მეორე საკითხია სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც, საავადმყოფოებში პროცესები უნდა იყოს საერთაშორისო დონის შესაბამისი…

ბატონო გიორგი, რა ვითარებაა საქართველოში, კლინკების აკრედიტაციის კუთხით?..

– საქართველოს ჯანდაცვის სფეროში რევოლუციური რამ მოხდა შარშან, როცა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა წინასაახალწლოდ თქვა, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს ხარისხიან ჯანდაცვაზე. მაშინ მან განაცხადა, რომ საქართველოში ყველა კლინიკა გაივლის საერთაშორისო აკრედიტაციას. იანვარშივე, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგინდა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც სურს, მიიღოს სახელმწიფოსგან დაფინანსება, უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია. ეს არის კარგი პრაქტიკა ანუ პრემიერის გადაწყვეტილება სწორი იყო.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული იყო ექვსი ორგანიზაცია, რომელთაც შეუძლიათ, აკრედიტაცია ჩაუტარონ კლინიკებს საქართველოში, მაგრამ იმ ექვსიდან, მხოლოდ ოთხია საერთაშორისო, ხოლო ორი მათგანი რატომ მოხვდა იმ სიაში, ვერ მივხვდი, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, სადაც მითითებულია, რომ ორგანიზაცია უნდა იყოს საერთაშორისო და აუცილებლად აკრედიტირებული.

საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო დონის ორგანიზაციამ უკვე დაიწყო აკრედიტაციაზე მუშაობა. ფლაგმანი იყო „მედიქლაბი“, რომელმაც პირველმა მიიღო Joint Commission International-ის აკრედიტაცია.

როგორც იცით, ჟენევაში ვმუშაობ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, მაგრამ რადგანაც დავინახე, რომ აკრედიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, მივიღე გადაწყვეტილება, ჩავრთულიყავი ამ პროცესში. ამ მიზნით, დავუკავშირდი ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას მსოფლიოში, „აკრედიტაცია კანადას“, რომლის აკრედიტაცია გავლილი აქვს 15 000-მდე სამედიცინო დაწესებულებას მსოფლიოში.

ჩემი მიზანი იყო, საქართველოში სისტემა დანერგილიყო და ჩამოგვეყალიბებინა ოფისი, რაც ადგილობრივი, ქართველი სპეციალისტების გაზრდაშიც დაგვეხმარებოდა, ასევე ადგილობრივი სპეციალისტებისთვის ჩაგვეტარებინა საერთაშორისო დონის ტრენინგები, რაც რთული პროცესი იყო, თუმცა შევძელით და დღეს, „აკრედიტაცია კანადას“ ოფისი საქართველოშია, სადაც ვმუშაობთ 12-კაციანი გუნდი. იანვრიდან დავიწყეთ ტრენინგები საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ახლა, საქართველოს ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების დამნერგავი, ძლიერი გუნდი.

საქართველოში, 14 სამედიცინო დაწესებულებასთან ინტენსიურად დავიწყეთ აკრედიტაციის პროცესი, ჩვენი მრჩევლები შედიან სამედიცინო დაწესებულებებში და საავადმყოფოსთან ერთად გადიან ყველა საკითხს, რაც ეხება საერთაშორისო აკრედიტაციას. რთულია ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, როცა ამის გამოცდილება არ გვქონია. დავარწმუნე კანადელები, რომ ამ მეთოდით წავსულიყავით საქართველოში, რათა მრჩევლების ძირითადი გუნდი ყოფილიყო ქართველების და არა – უცხოელების.

ზოგადად, აკრედიტაციის პროცესი ერთიდან სამ წლამდე გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოთხოვნით, აკრედიტაციის პროცესში, ამ წლის ბოლომდე, ყველა საავადმყოფომ, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვაში, უნდა წარადგინოს კონტრაქტი, ხელშეკრულება, რომ მათ დაიწყეს ეს პროცესი რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. თუ არ წარადგენენ, იანვრიდან შეუწყდებათ საყოველთაო დაფინანსება.

თუ 2025 წლის პირველი იანვრისთვის, საავადმყოფოებს მინიჭებული არ ექნებათ საერთაშორისო აკრედიტაცია, ვერ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას. შესაბამისად, ვინაიდან ეს პროცესი რთულია, გადავწყვიტეთ, ეს მეთოდი აგვერჩია – 12 მრჩეველი, ყოველ კვირა, სამი საათის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებაში მიდის და ადგილზე უხსნის, უმეორებს ყველა მნიშვნელოვან საკითხს აკრედიტაციის შესახებ.

ბატონო გიორგი, კლინიკები აკრედიტაციის მიმნიჭებელ ორგანიზაციებს უხდიან საფასურს, არა?

– ეს მომსახურება არის ფასიანი და საავადმყოფიები იხდიან ამ საფასურს. ჩემი ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, შეუძლებელი შევძელი და საქართველოში „აკრედიტაცია კანადას“ მომსახურების ფასი ძალიან დაბალია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით… ჩვენ ჩავდეთ რესურსი, ენერგია და ინვესტიცია ქართველ ექსპერტებში, რომლებიც ჩვენი ეროვნული საგანძურია. ქართველ ექსპერტებს არ ექნებათ უფლება, ჩაუტარონ ექსპერტიზა ქართულ საავადმყოფოებს, რადგან ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ისინი იქნებიან შემფასებლები სხვა ქვეყნებში. ეს ექსპერტები დაეხმარებიან ქართულ საავადმყოფოებს, რომ გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია.

მას შემდეგ, რაც გაივლიან აკრედიტაციას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მომსახურების ფასს გაზრდიან ქართული საავადმყოფოები?

– სტანდარტების ჩამოყალიბება და ხარისხის ამაღლება, საბოლოო ჯამში, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ფასს დაწევს. არ ვაჭარბებ და ფაქტია, რომ საქართველოში, ხუთ სხვადასხვა საავადმყოფოში რომ მიხვიდეთ ტესტის ჩასატარებლად, მიიღებთ ხუთ განსხვავებულ პასუხს-დიაგნოზს ანუ რეალურად, გგონიათ, რომ იაფად იღებთ, მაგრამ სინამდვილეში, ძვირი გიჯდებათ ეს სერვისი, რადგან ერთის ნაცვლად, ხუთ ექიმთან მიდიხართ იმიტომ, რომ ხარისხია დაბალი. როცა საავადმყოფო აკრედიტირებულია, ე.ი. იქ ხარისხის თემა დალაგებულია და სხვა საავადმყოფოში წასვლის საჭიროება აღარაა, რადგან სრულ მომსახურებას იღებ და უფრო იაფი გიჯდება. შეიძლება, საავდმყოფომ თქვას, რომ ინვესტიცია ჩავდე, რათა ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოო და ამიტომ ერთეულის ფასმა აიწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის მომსახურების მიღება უფრო იაფი გამოდის.

მაგალითად, „აკრედიტაცია კანადა“ არ ითხოვს ინფრასტრუქტურის შეცვლას სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ, ვუყურებთ პროცესების დალაგებას – არსებულ ფიზიკურ გარემოში, როგორ შეიძლება პროცესები ისე დალაგდეს, რომ პაციენტისთვის უსაფრთხო იყოს…

ავტორი-თათია გოჩაძე

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
ექსპერტები შიშობენ, რომ ის ვერასდროს აღდგება – პლანეტის უდიდესი ტბა სწრაფად შრება

ექსპერტები შიშობენ, რომ ის ვერასდროს აღდგება – პლანეტის უდიდესი ტბა სწრაფად შრება

ოქტომბერი 28, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 28, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?

გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?

28 ოქტომბერი 2024
ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ

ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ

ოქტომბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები