გოგრის სამკურნალო თვისებები
ამ მცენარეში სასარგებლოა თითქმის ყველაფერი: თესლი, რბილობი, წვენი.
გოგრის სასარგებლო თვისებების შესახებ, ალბათ, აქამდეც გსმენიათ, მაგრამ, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ გოგრა A ვიტამინის შემცველობით 5-ჯერ აღემატება სტაფილოს და 3-ჯერ – ძროხის ღვიძლს. A ვიტამინი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნორმალური მხედველობისათვის, ლორწოვანი მემბრანის (საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამომფენი ქსოვილის რბილი შრე) შენარჩუნებისათვის, ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის – ხელს უწყობს ძვლების ზრდასა და გამაგრებას, იმუნური სისტემისთვის – ზრდის სასუნთქი გზების წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ და ზოგადად იდეალური დანამატია ნებისმიერი ადამიანის ჯანსაღი კვების რაციონისთვის.
კიდევ რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს გოგრა?
- მიკროელემენტები: ფტორი, მანგანუმი, იოდი, კობალტი, სპილენძი, რკინა და თუთია;
- მაკროელემენტები: ნატრიუმი, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი;
- ვიტამინები: В ჯგუფი მთლიანად, ფოლიუმის მჟავა, А, С და Е;
- გლუკოზა;
- ფრუქტოზა;
- საკვები ბოჭკოები.
ამ ტერმინებით რომ არ დაგაბნიოთ, უფრო მარტივად გეტყვით, რომ გოგრა სასარგებლოა: საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის, დადებითი გავლენა აქვს მეტაბოლიზმზე, გულის მუშაობაზე, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას, ხსნის სტრესს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
გოგრის კალორიულობა
გოგრის ენერგეტიკული ღირებულებაა 100 გრ პროდუქტზე მხოლოდ 28 კალორია. ამასთანავე, ის შესანიშნავად ანაყრებს. სწორედ ამ „დამსახურებებისთვის“ დიეტოლოგები გოგრას და მისგან მომზადებულ საკვებს ხშირად რთავენ პაციენტების კვების რაციონში. საქმე ის არის, რომ გოგრაში დიდი რაოდენობით არსებული საკვები ბოჭკო ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას ტოქსინებისგან და ზედმეტი კილოგრამების მოშორებას. განსაკუთრებით საინტერესო კი ის არის, რომ გოგრის მომზადება მრავალნაირად შეიძლება: თამამად შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული გოგრა, ღუმელში შემწვარი გოგრა, სხვა ბოსტნეულთან ერთად მოშუშული გოგრა, მოამზადოთ გოგრის წვნიანი და ა.შ.;
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები