დავით სარაჯიშვილი – ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე. ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა.
დაიბადა სოვდაგრის ოჯახში. 1866 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნისმეტყველო ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ გადავიდა გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში. ევროპაში ის გადადიოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში, სწავლობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, რომელიც 1871 წელს დაამთავრა და მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
სამშობლოში დაბრუნებიდან ორი წლის შემდეგ შეირთო ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი. მათი ცოლ-ქმრობა, თუმცა უშვილო მაგრამ მშვიდობიანი და ბედნიერი იყო.
საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. იქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის.
1884 წელს სარაჯიშვილმა ხელი მიჰყო მრეწველობას და კავკავში არყის ქარხანა შეიძინა. 1885 სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. 1888 თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა…
სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია „ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის“, სამუსიკო სასწავლებლის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.
სარაჯიშვილი აფინანსებდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას და პირადად ნოე ჟორდანიას. მას მიაჩნდა, რომ ქართული ბურჟუაზია არ არსებობდა, თავად-აზნაურობის მმართველობის დრო წასული იყო, ამიტომ ქვეყანას სათავეში მუშათა და გლეხთა პარტია უნდა ჩადგომოდა. ამიტომ აფინანსებდა სოციალ-დემოკრატებს და ამ საკითხის გამო პოლემიკა ჰქონდა მემარჯვენე ინტელიგენციასთან (ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე და სხვ.)
წყარო