სადაც არ უნდა წახვიდე ჩვენს პატარა ქვეყანაში, ყველა მხარეში სუფრასთან მიგიპატიჟებენ და განსხვავებულ, ორიგინალურ ღვინოს შემოგთავაზებენ. ღვინის სამშობლოში, საქართველოში, დღეს 500-ზე მეტი ჯიშის ადგილობრივი ვაზია შემორჩენილი. როგორც მკვლევრები ამბობენ, წლების წინათ მათი რაოდენობა 1500-მდეც კი იყო. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი მასალა აძლევს ქართველ მეღვინეებს იმის შესაძლებლობას, რომ ყველა კუთხეში, თითოეულ სოფელში და თითქმის თითოეულ ოჯახში განსხვავებული თვისებების ღვინო აღმოგაჩენინონ თავისი განსაკუთრებული არომატებითა და სხვა მახასიათებლებით.
ვაზის ჯიშები
დავიწყოთ მშრალი სტატისტიკით: საქართველოში დღეს არსებული ვაზის 525 ადგილობრივი ჯიშიდან კახეთში 80 მოჰყავთ, ქართლში – 72, მესხეთ-ჯავახეთში – 26, იმერეთში – 74, რაჭა-ლეჩხუმში – 50, გურიაში – 59, სამეგრელოში – 60, აჭარაში – 53. აფხაზეთში კი ვაზის 51 ჯიში ხარობს. საქართველოს ტერიტორიაზე მეცნიერებმა კულტურული ვაზის წინაპრის, ველური ვაზის 400-ზე მეტი ფორმა გამოავლინეს.
ვაზის ქართულ ჯიშებში, რომლებიც აგრონომიული მემკვიდრეობის ნამდვილი სიმდიდრეა, საღვინე სახეობები დომინირებს, თუმცა არის სასუფრე ჯიშებიც.
გამორჩეული ხარისხის საღვინე ჯიშებია რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინებული, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.
სწორედ ვაზის ჯიშების ასეთი დიდი რაოდენობიდან მოდის ქართული ღვინოების მთელი ნაირსახეობა, რომელიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც ქვეყნის ბუნება, რელიეფი, კულტურა და სამზარეულო.
ღვინო
საქართველოში ღვინოს ოდითგანვე ქვევრში აყენებდნენ. ეს არის თიხის უნიკალური ჭურჭელი, რომელიც მიწაში იდგმება, შიგნით ყურძენი ჩაიწურება, დადუღდება, შემდეგ ჰერმეტულად თიხითვე იხურება და იწყება ემოციური მოლოდინი – რა დაგვხვდება, როდესაც ქვევრს მოვხდით.
ქართველებს ეს ემოციური მოლოდინიც ისტორიული აქვთ – სულ მცირე, 8 000-ჯერ განუცდია ეს ემოცია ქართულ გენს. სწორედ ამდენი წლისაა უძველესი ქვევრი, რომელიც საქართველოში იპოვეს. მას შემდეგ ეს უნიკალური ნიმუში მსოფლიოს სამეცნიერო წრეების ყურადღების ცენტრშია.
საქართველოში დღეს ოფიციალურად 27 ადგილწარმოშობის ღვინო არსებობს. ესენია: ატენური, ახაშენი, გურჯაანი, ვაზისუბანი, თელიანი, კარდანახი, კახეთი, მანავი, მუკუზანი, ნაფარეული, სვირი, ტვიში, ტიბაანი, ქინძმარაული, ყვარელი, წინანდალი, ხვანჭკარა, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ზეგაანი და ოყურეშის უსახელოური.
დიდი და მცირე მარნების გარდა, საქართველოში ღვინოს საოჯახო მეურნეობებშიც უხვად აწარმოებენ, მათ შორის ბევრი – საკუთარი მოხმარებისთვის და დაპატიჟებული თუ დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის. ამდენად, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ ფართო სპექტრად იშლება ზემოხსენებული ადგილწარმოშობის ღვინოების ქვენაირსახეობები, გემოები, ფაქტურა და სხვა მახასიათებლები.