ქართული რძის გარშემო ატეხილი სკანდალი და ბოლო ინფორმაცია
ქართული რძის გარშემო გავრცელებულ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, ძროხების საკვებად ქათმის ფეკალიების გამოყენებას ეხება, ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე განცხადებას აქვეყნებს:
,,სურსათის უსაფრთხოება იწყება ინფორმაციის გამჭვირვალობით. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს – ვინ, სად და როგორ აწარმოებს რძეს, რომელსაც სვამს მისი შვილი. პირდაპირი და ზუსტი პასუხი – არის პასუხისმგებლობა და პატივისცემის გამოხატულება მომხმარებლის მიმართ…”
” საქართველოში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ფერმერმა ძროხებს ქათმის ნაკელით (ნეხვით) კვება დაუწყო.
ეს პრაქტიკა არა მხოლოდ არაჰიგიენურია, არამედ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის – ანუ ყველასთვის, ვინც მოიხმარს რძეს ან ხორცს ამ ცხოველისგან.
რატომ არის ეს საშიში?
• პათოგენები: ქათმის ნაკელი ხშირად შეიცავს სალმონელას, კლოსტრიდიუმს, კამპილობაქტერს და სხვა პათოგენებს – რომლებიც რძესა და ხორცში გადადის.
• ანტიბიოტიკების ნარჩენები: ქათმებს ხშირად აძლევენ ანტიბიოტიკებს – ეს ნივთიერებები ნაკელის მეშვეობით გადადის ძროხაზე და საბოლოოდ – ადამიანის ორგანიზმში.
• სურსათის დაბინძურება: ამ გზით წარმოებული რძე და ხორცი არ აკმაყოფილებს არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს.
სად არის ეს პრაქტიკა დაშვებული და სად აკრძალულია?
ნებადართულია (ზოგი შეზღუდვით):
• აშშ – ნებადართულია, მაგრამ რეგულირდება: არ შეიძლება უშუალოდ რძის ძროხებისთვის და არ უნდა მოხდეს დაკვლამდე 21 დღეზე ახლოს გამოყენება.
წყარო:
Casteel, S., “Feeding Poultry Litter to Beef Cattle,” University of Missouri Extension, 2014
https://extension.missouri.edu/publications/g2077
აკრძალულია შემდეგ ქვეყნებში:
• ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში
აკრძალულია EC Regulation No 1069/2009-ის საფუძველზე.
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A32009R1069
• კანადა – აკრძალულია კანადის სურსათის ინსპექციის სააგენტოს მიერ.
https://inspection.canada.ca/en/animal-health/livestock-feeds/regulatory-guidance/rg-2
• ავსტრალია – მოქმედებს “ruminant feed ban”, რაც კრძალავს ფეკალური მასალით კვებას.
https://www.agric.wa.gov.au/livestock-biosecurity/prevent-ruminants-accessing-chicken-litter-and-organic-fertilisers-containing
• დიდი ბრიტანეთი – აკრძალულია ეპიდემიური რისკების გამო.
https://www.thebullvine.com/news/uk-and-canada-ban-chicken-litter-in-cow-feed-us-senator-cory-brookers-new-no-stools-in-herds-troughs-act/
• ნამიბია – FAN Meat Scheme-ის ფარგლებში აკრძალულია.
https://www.meatco.com.na/news/552/Use-of-chicken-litter-manure-as-livestock-feed-prohibited-under-FAN-Meat-Scheme/
🧬 გლობალური სტანდარტები (FAO/WHO):
• ცხოველის საკვები უნდა იყოს უსაფრთხო, პათოგენებისგან თავისუფალი.
• აკრძალულია ფეკალური მასალით კვება, რაც რისკს უქმნის საკვების ჯაჭვს.
FAO/WHO Source: https://www.fao.org/documents/card/en/c/8b5de0c2-4445-524e-94b4-32ae6a34e248
🗣 პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„თუ არ გვაქვს მკაფიო რეგულაციები და მონიტორინგი, საბოლოოდ ჩვენ – მომხმარებლები – ვხდებით მსხვერპლი. ძროხის საკვები პირდაპირ გადადის ჩვენს თეფშზე.
საქართველოში უნდა აიკრძალოს ცხოველების კვება ფეკალური მასალით და უნდა შეიქმნას მკაცრი კონტროლის სისტემა. ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხი, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის!“
✅ რას უნდა ვაკეთებდეთ საქართველოში?
1. კანონით უნდა აიკრძალოს ქათმის ნაკელის გამოყენება ცხოველთა საკვებად.
2. ვეტერინარული ინსპექციები უნდა გახდეს სავალდებულო.
3. პროდუქტებზე ეტიკეტირება უნდა მიუთითებდეს ცხოველის საკვების ტიპს.
4. მოსახლეობა უნდა იყოს ინფორმირებული – რა ჭამა ცხოველმა, რომლის რძესაც თქვენ სვამთ?
📌
აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს კომპანიებმა “სანტე” და “აგროჰაბი”:
,,საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ კომპანია აგროჰაბში ნებისმიერი ნედლეული თუ პროდუქტი, რომელსაც კომპანია იღებს სხვა მომწოდებლისგან გადის რამდენიმესაფეხურიან დამატებით შემოწმებას ჩვენსავე ლაბორატორიაში.
კონკრეტულად რძე, რომელსაც ვიღებთ რამდენიმე კომპანიისგან, გადის შემოწმების ფაზებს, ცისტერნაშივე მოწმდება ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები, შემდეგ გადმოტანილი რძე გადის შემოწმებას სიმჟავესა და PH ბალანსზე, თერმომდგრადობაზე, სომატურ უჯრედებზე, ანტიბიოტიკებზე, მიკრობთა საერთო რაოდენობაზე.
იყო შემთხვევა, როდესაც მომწოდებლის მხრიდან მიღებულმა რძემ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული შემოწმების კრიტერიუმები და ასეთი პროდუქტი უკან იქნა გაბრუნებული.
სრულიად გამორიცხულია ნედლეულმა გადმოკვეთოს აგროჰაბის წარმოების „საზღვარი“ და შემდეგ პროდუქტის სახით გავიდეს საწარმოდან, რომელიც რაიმე სახით არ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აგროჰაბში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი ნატურალურ და ჯანსაღ ნედლეულზე მზადდება და სრულიად უსაფრთხო და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სწორედ ამიტომ გვენდობა მომხმარებელი გახსნის დღიდან და ეს არის ჩვენი კომპანიის მთავარი და უცვლელი ღირებულება.”
,,სანტე”:
“1997 წლიდან დღემდე უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც წლის განმავლობაში 20 მილიონ ლიტრამდე რძეს იბარებს და ამუშავებს. თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე მსხვილ ფერმებთან, და გარდა ამისა, ფლობს რძის ჩაბარების პუნქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
,,სანტეს“ დანერგილი აქვს რძის ხარისხის კონტროლის უმკაცრესი სტანდარტები. მათ შორის არის: რძეში ანტიბიოტიკის შემოწმება, ცხიმისა და ცილის იდენტიფიცირება, რძის მიკრობიოლოგიური ანალიზი.
ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება ფერმას და არ გამოიყენება წარმოების პროცესში. 2018 წელს სწორედ ,,სანტემ“ აღმოაჩინა შეუსაბამობა „ყვარლის ბაგის“ რძეში, კერძოდ, ანტიბიოტიკები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებითაც დასტურდება. ამ მიზეზით უარი განაცხადა რძის მიღებასა და წარმოებაში მის გამოყენებაზე.
საწარმოში დანერგილი ხარისხის კონტროლის ევროპული და უმკაცრესი შიდა სტანდარტები, ასევე ISO, HACCP არის გარანტია იმისა, რომ რძე, რომელიც შეუსაბამოა ხარისხის სტანდარტებთან, არ გამოიყენება წარმოებაში.
,,სანტე“ არის კომპანია, რომელიც ყოველთვის აწარმოებს უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო რძის პროდუქტებს მთელი საქართველოსთვის.”
შეგახსნებთ, რომ “რადიო თავისუფლება“ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც რძის მწარმოებელი უდიდესი ფერმა “ყვარლის ბაგა“ ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა. ის რძით ამარაგებდა სანტეს, სოფლის ნობათს, აგროჰაბს და რძის ლაბორატორიას.
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD); საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი;
Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი;
გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში – როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.