ხაჭო ცილოვანი რძემჟავა პროდუქტია. ის მიიღება რძისაგან ფერმენტებითა და რძემჟავა ბაქტერიებით შედედების პროცესში.
ტრადიციული მეთოდით მიღებული ხაჭოს კლასიფიცირება მასში ცხიმის შემცველობას ეფუძნება. ამის კვალობაზე, განასხვავებენ ცხიმიან (18%), ნახევრადცხიმიან (9%) და უცხიმო (არა უმეტეს 3%-ისა) ხაჭოს.
ნახევრადცხიმიან სახეობას მიაკუთვნებენ აგრეთვე რბილ დიეტურ ხაჭოსაც. ხაჭო სრულყოფილ, დიეტურ, შედარებით რბილ პროდუქტად არის მიჩნეული. გარდა შესანიშნავი გემოსი, ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ხაჭო დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფთორსა და სხვა მინერალებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე B2, B6, B12, PP, E ვიტამინები, A პროვიტამინი და ფოლიუმის მჟავა.
მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ამინომჟავების განსაკუთრებული კომბინაციის წყალობით ხაჭო მეტად ღირებული კომპონენტია როგორც ჯანმრთელი ადამიანების რაციონისა, ასევე სამკურნალო დიეტებისაც. კალციუმისა და ამინომჟავების უხვი შემცველობის გამო ხაჭო ფასდაუდებელია ტუბერკულოზური დაავადების, რაქიტის, ძვლების მოტეხილობისა და სისხლის პათოლოგიების დროს. ის ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, ამიტომ რეკომენდებულია ჰიპერტონიული, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების დროსაც.
მასალის გამოყენების პირობები