სწორად ორგანიზებული კვების რეჟიმი სპორტით აქტიურად დაკავებული ადამიანების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს.
ზოგიერთ მათგანს სურს სწრაფად დაიკლოს წონაში, ზოგი კუნთოვანი მასის მატებაზე ოცნებობს, ხოლო ზოგიერთს უბრალოდ დიდხანს სიცოცხლე უნდა. საუზმის აუცილებლობაზე საუბარი დიდი ხანია შეწყვიტეს ტელევიზიებმა და სპორტული პრესის წარმომადგენლებმა, რადგან ეს ისედაც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ დილით საკვების მიღება აუცილებელია,
გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა სახის პროდუქტებია ამ დროს ნებადართული, რადგან ყველანაირი საკვების მიღება გამართლებული არ არის.
დილის ვარჯიშების აქტიურ მიმდევართათვის საუზმის მირთმევის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას. დარბაზში სავსე მუცლით წასვლა აბსურდულად ჟღერს, უზმოზე ვარჯიშიც ვერ ჩაითვლება გონივრულ გადაწყვეტილებად, გზად მცირე წახემსება რამდენად სასარგებლო იქნება, არავინ იცის.ეს ყოველივე კი დილის ვარჯიშის მოყვარულებს საგონებელში აგდებს.
დილის ვარჯიშამდე კვება აუცილებელია, თუმცა გასათვალისწინებელია ინტერვალი, რომელიც საუზმესა და დარბაზში წასვლას შორის უნდა იყოს. რაც იმას გულისხმობს, რომ დროის დაანგარიშება უნდა დავიწყოთ და იმაზე ადრე ავდგეთ, ვიდრე ამას ჩვეულებრივ ვაკეთებდით. მენიუს შედგენისას კი ინტენსიური ვარჯიშის თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ და გვახსოვდეს, რომ დიდი რაოდენობის ენერგიას ვხარჯავთ, რომლის აღდგენა ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გაღვიძებისას ორგანიზმი გლუკოზის დეფიციტს განიცდის, რის შესავსებადაც ნახშირწყლების მიღება აუცილებელია (წიწიბურა, შვრია, დიეტური პური), თუ სწრაფად ათვისებად ნახშირწყლებს აირჩევთ, ისინი მცირე რაოდენობით უნდა მიირთვათ. დილის ვარჯიშამდე აუცილებელია ცილების მიღებაც, რათა კუნთოვანი მასის ზრდა ვუზრუნველყოთ, რის გამოც რაციონში უნდა ჩავრთოთ კვერცხი, ხაჭო და სხვა სასარგებლო პროდუქტები. დილის ვარჯიშამდე ცხიმების მიღება რეკომენდებული არ არის. სასურველია მათი რაოდენობა მინიმუმამდე შევკვეცოთ, ან საერთოდ ამოვიღოთ საუზმის რაციონიდან. უმჯობესია, თუ ცხიმებს ვარჯიშის შემდეგ მივიღებთ.
სრულფასოვანი საუზმე ვარჯიშამდე 2-2,5 საათით ადრე უნდა მიირთვათ. ამ დროის მანძილზე საკვების ნაწილი ორგანიზმის მიერ ბოლომდე გადამუშავდება, მუცელში კი სიმძიმის შეგრძნება არ შეგაწუხებთ. ძნელად ათვისებადი ნახშირწყლების დახმარებით, ვარჯიშის დროს ორგანიზმს ენერგიის წყარო ექნება, რის გამოც აქტიურ დატვირთვას ადვილად გაუძლებს. თუ ისე მოხდა, რომ დილის ვარჯიშამდე კვება ვერ მოასწარით, აუცილებელია, დარბაზში წასვლამდე ნახევარი საათით ადრე მსუბუქად წაიხემსოთ. კარგი იქნებოდა, თუ ერთ ჭიქა კეფირს დალევდით, ან უცხიმო ხაჭოს მიირთმევდით. თუ ვარჯიშს ძალიან ადრე იწყებთ, მის დაწყებამდე 40-45 წუთით ადრე ვაშლი ან ბანანი უნდა მიირთვათ.
მასალის გამოყენების პირობები