თხილთან დაკავშირებით გაურკვევლობა და მრავალი მცდარი მოსაზრება არსებობს: სასარგებლოა თუ არა; უწყობს თუ არა ხელს წონაში მატებას?
თხილი მშრალი, ერთთესლიანი ხილის სახეობაა, რომელიც მყარ ნაჭუჭშია მოთავსებული.
განასხვავებენ კაკლოვან თხილს და მიწისთხილს. ტექნიკურად, მიწისთხილი იგივე პარკოსანია – როგორც ბარდა და ლობიო – მაგრამ კაკლოვან თხილთან მრავალი მსგავსების გამო, ისიც თხილეულში მოიაზრება.
ყველაზე გავრეცელებული თხილის სახეობებია: ნუში, ტყის თხილი, ნიგოზი, ფისტა, ქეშიუ, მიწისთხილი, პეკანის კაკალი, მაკადამიას კაკალი და ბრაზილიური თხილი.
რა სარგებლობა აქვს თხილს?
თხილეული მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, მცენარეული ცილით, უჯრედისით და სხვადასხვა მიკრონუტრიენტებით.
ის დიდი რაოდენობით შეიცავს ისეთ უჯერ ცხიმებს, რომელიც გულის დაავადებების რისკს ამცირებს. აგრეთვე, ქოლესტერინის დონესა და არტერიულ წნევას აუმჯობესებს.
თხილეულის ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით ნიგოზი, მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით (უჯერი ცხიმების ერთ-ერთი სახეობა). ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს მრავალი დანიშნულება აქვთ, მათ შორის გულის შეტევის რისკის შემცირება, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, მეხსიერების ხელშეწყობა. ისინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფეხმძმიმობის დროს ბავშვის ტვინის განვითარებაში.
უჯრედისი – თხილი უჯრედისის კარგი წყაროა. უჯრედისი კუჭის მოქმედებას არეგულირებს, ნაწლავურ სისტემას აჯანსაღებს, გვანაყრებს და ზოგიერთი დაავადების (გულის დაავადებები, ტიპი 2 დიაბეტი, კუჭის კიბო) რისკს ამცირებს.
მცენარეული ცილა- თხილი მცენარეული ცილის წყაროცაა. ცილა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კუნთების მუშაობასა და შემაერთებელი ქსოვილის აღდგენაში. ამასთან, ცილით მდიდარი საკვები უფრო დიდი ხნით გვანაყრებს. თხილის შემთხვევაში კი უჯრედისი ცილასთან ერთად გვხვდება, რაც დანაყრებას კიდევ მეტად უწყობს ხელს.
ხორცის და რძის ნაწარმის მაგივრად თხილის და მარცვლეულის მირთმევით, გაჯერებული ცხიმების დოზას ვამცირებთ და პლანეტისთვისაც მეტად სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ.
კარგი იქნება თუ რეკომენდებულ დოზას (30 გრ) ყოველდღიურად მივიღებთ.
გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია თხილი მიირთვათ ბუნებრივ მდგომარეობაში, რადგან მოხალული, დამარილებული ან სხვა დანამატი ინგრედიენტებით შეზავებული თხილი ზედმეტ მარილს ან შაქარს შეიცავს, რაც აუცილებლად უნდა შევზღუდოთ.
მასალის გამოყენების პირობები