28/01/2021
„ალიას“ ესაუბრება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
– შეზღუდვების მცირე ნაწილი მოიხსნა, დიდი ნაწილი ისევ დარჩა 1-ლ მარტამდე – როგორ შეაფასებთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას?
– 2023 წლამდე, მინიმუმ, დედამიწა იცხვრებს ამ ვირუსთან ერთად. ჩვენ უნდა მოვემზადოთ. სამწუხაროდ, ეს 1 წელი არაფერი ვისწავლეთ. რატომ გვჭირდება ჩაკეტვა? – რომ ვისწავლოთ და ვნახოთ გამოსავალი, მოვემზადოთ ქვეყნის გასახსნელად. ჩვენ გვაქვს ასეთი პოზიცია, მოდი, დაველოდოთ, წამოვა ვირუსი, ჩავკეტოთ, მერე გავხსნათ, მერე ჩავკეტოთ… კუკუდამალობანას ვეთამაშებით.
ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შეცდომა, ბევრს ჰგონია, რომ 1-2 თვეში ყველაფერი მოგვარდება. საქართველო არ არის ისრაელი – ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საყოველთაო ვაქცინაციის, ფულიც აქვთ ამისთვის და პოლიტიკური მდგომარეობაც. ჩვენ არც ერთი არ გვაქვს. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე კარგი იქნება, ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავხსნათ ქვეყანა – გახსნას აქვს სამი ძირითადი მომენტი:
1. ყველგან უნდა იყოს ხელმისაწვდომი სამედიცინო პირბადე (და საერთოდ აიკრძალოს ყველა სხვა პირბადე გარდა სამედიცინო პირბადისა – ამას „ალიასთან“ ინტერვიუშიც ვითხოვდი ლამის 2 თვის წინ).
2. ნებისმიერმა ბიზნესმა, ნებისმიერმა სექტორმა უზრუნველჰყოს 2 მეტრიანი დისტანცია.
და მე-3 კომპონენტი ეს არის ხელების დაბანა და ჰიგიენა. უკვე მერამდენედ ვსაუბრობ საპირფარეშოებზე, სად უნდა დაიბანოს ადამიანმა ხელი, თუ არ გაქვს საპირფარეშოები მოწესრიგებული? ტუალეტის მოწესრიგება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა კომპონენტი. არ შეიძლება სკოლები გაიხსნას, თუ არ არის სკოლებში საპირფარეშოები მოწყობილი და არ არის შესაბამისი რაოდენობა.
თუ ამ სამ ბოძზე ავაწყობთ სისტემას, ყველაფრის გახსნა შეგვიძლია სასტუმროს, რესტორნის, კაფის, სკოლის, ფიტნეს დარბაზებისაც კი! გვეუბნებიან, რომ 20 კვ.მ. სავაჭრო ცენტრში 1 მომხმარებელი შეიძლება და სკოლაში რა ხდება? ლოგიკა სად არის? კი, ბატონო, გახსენი სკოლები, მაგრამ უნდა იყოს პირბადეები, ბავშვები უნდა ისხდნენ 2 მეტრიანი დისტანციით, ყოველ 15 წუთში ერთხელ უნდა განიავდეს საკლასო ოთახები.
– 20 კვ.მ. ერთი ადამიანისთვის დიდი ფართობი არ გგონიათ?
– ნამდვილად არ არის საჭირო 20 კვ.მ. მე ვფიქრობ 1 ადამიანზე უნდა იყოს 5-დან 10 კვ.მ.-მდე. მაღაზიაში 5 კვ.მ. არის საკმარისი 1 მომხმარებელზე, თუკი ადამიანს აქვს პირბადე.
– ბიზნესის ნაწილი, დაავალდებულეს, რომ ყოველ 2 კვირაში გატესტოს თანამშრომელთა 30-დან 50-მდე პროცენტი. მისაღებია?
– არ არის საკმარისი. საქართველოში ვართ რეაქციულები და არ გვაქვს სტრატეგიული ხედვა. ყველა სექტორთან ერთად გავაკეთებდი კონკრეტული გახსნის გეგმას 2023 წლამდე. ხომ ვიცით, რომ 2023 წლამდე ასე ვიქნებით? ტურიზმი არ გაიხნება, რესტორანი არ გაიხსნება 2023 წლამდე! ეს ხომ იციან? – იციან.
– გამოდის, გვატყუებენ ისევ, როგორც გაზაფხულზე, როცა გვითხრეს, რომ ტურისტი გვეყოლებოდა, ახლაც გვეუბნებიან, პირველი თებერვლიდან ტურისტი შემოვა, ფრენებს ვხსნითო, იმ ქვეყანაში, სადაც ტრანსპორტი და მეტრო არ მუშაობს და კომენდანტის საათია, ტურისტებს შემოვუშვებთო!
– და ვინ ჩამოგივა? ფრანგი? იტალიელი? დაგავიწყდათ, რა მოხდა შემოდგომაზე? ჩვენთან პიკი თუ უნდა დაწყებულიყო ნოემბერში, დაიწყო სექტემბერში – ზუსტად იმიტომ, რომ ზაფხულში ვიყავით გახსნილები.
ჩვენ უნდა გავიხსნათ ძალიან მკაცრი რეგულაციებით. ყველაფრის გახსნა შესაძლებელია მკაცრი რეგულაციებით. მე რომ მკითხო, „ლილოს ბაზრობის“ გახსნა სჯობს „სითი მოლის“ გახსნას – „ლილო“ არის ქუჩაში, სითი მოლი არის დახურული სივრცე და ყველგან, სადაც არის ვენტილაცია, ყველგან სადაც არის კონდიცირება ცივი, თუ ცხელი, ეს არის საშიშროება, ეს არის დამღუპველი!
სწორედ ამიტომ, მეტროს გახსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მეტრო აშენდა სამოციან წლებში, იქ ვენტილაციის პრობლემა ისეთია, იქ ერთი თუა ინფიცირებული, ყველა იქნება ინფიცირებული, რატომ ვიტყუებთ თავს. ავტობუსში მაგალითად დამატებითი რეგულაციები, თუ არის ავტობუსი 80 კაცზე გათვალისშინებული, იქ შეიძლება შევიდეს 20 კაცი, 30 კაცი, აუცილებელია პირბადე და ფანჯრები უნდა იყოს ღია და არ უნდა ილაპარაკონ
ჩვენი მთავრობა იღებს არასტრატეგიულ, იმპულსურ გადაწყვეტილებას! ძალიან დიდი ბოდიში. ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს გეგმა, როგორ იცხოვროს, 2023 წლამდე.
თამო კეშელავა, ალია
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://www.alia.ge/khom-itsian-rom-2023-tslamde-ase/