ბატატის მომზადება (ტკბილი კარტოფილი) ავოკადოთი და შებოლილი სულუგუნით, მარტივია და, როგორც შემადგენლობით, ასევე გემოთი, ძალიან ორიგინალური კერძია. ტკბილი კარტოფილი ღუმელში ზუსტად ისე ცხვება, როგორც ჩვეულებრივი. თანაც, გამომცხვარი კარტოფილი მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს – ანტოციანინებს, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია. ტკბილი კარტოფილი შეიცავს B ჯგუფების ვიტამინებს, A ვიტამინს, C ვიტამინს, მდიდარია ფოსფორით, ხოლო ბეტა-კაროტინის შემცველობით, ზოგჯერ სტაფილოსაც კი აღემატება.
თუ ქვემოთ გაზიარებულ რეცეპტს ყველს არ დაამატებთ, შესანიშნავ სამარხვო კერძს მიიღებთ.
ინგრედიენტები:
- ტკბილი კარტოფილი – 4 ცალი
- ავოკადო – 2 ცალი
- შებოლილი სულგუნი – 150 გრ
- ლაიმი – 1 ცალი
- გოგრის თესლი – ერთი მუჭა
- მწვანე აჯიკა ან პესტოს სოუსი – 100 გრ
- ზეითუნის ზეთი – შესაწვავად;
- მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების მეთოდი:
ღუმელი წინასწარ გააცხელეთ;
კარტოფილი ჯაგრისით კარგად გარეცხეთ და რგოლებად დაჭერით. კარტოფილს მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი დ პილპილი და ალუმინის ფოლგაში შეფუთეთ;
შედგით გახურებულ ღუმელში და, გამოაცხვეთ 40 წუთი 180°-ზე, სანამ კარტოფილი კარგად არ დარბილდება;
გოგრის მარცვლები მშრალ ტაფაზე მოხალეთ; ავოკადო შუაზე გაჭერით, კურკა მოაცილეთ, დაჭერით და ნახევარი ლაიმის წვენი შეურიეთ.
ყველი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ავოკადოს შეურიეთ.
გამომცხვარი ბატატი ლამაზად დაალაგეთ სინზე, მოაყარეთ ავოკადოს ნაჭრები, ყველის ნაჭრები და გოგრის თესლი. დაამატეთ ცოტაოდენი პესტო ან აჯიკა;
სუფრასთან დაჭრილ ლაიმთან ერთად მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები