ქვევრში დაღვინებული ამ ჩალისფერი სითხით თრობა განსაკუთრებული, ამაღელვებელი და უზარმაზარი ენერგიის მომტანია ნებისმიერი ადამიანისთვის. სურნელი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიგრძნო და გემო, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ – ესაა რქაწითელი, უძველესი ქართული ენდემური ჯიშის ვაზი, რომელიც თეთრყურძნიანი ჯიშების „ბაბუად“ არის აღიარებული.
როდესაც რქაწითელს მოსვამ, შეატყობ, რომ შენს სხეულში მოლივლივე ბახუსს ოქროსფერი ქლიავის, თეთრი თუთის, მწიფე გარგარის, ატმის, თეთრი ბლის მურაბის, ჩაის, კომშის ჩირის, თივის, პურის, ხმელი ბალახისა და სუსტად გამოხატული მიწის ტონების სურნელება აქვს; რაც შეეხება გემოს, თეთრ თუთას აქაც იცნობ, ხოლო ენის რეცეპტორებს ციტრუსების შეგრძნება სიახლის განწყობას მოუტანს.
საქართველოში არსებულ 525-მდე ვაზის ჯიშს შორის რქაწითელი პირველია თავისი დადებითი თვისებებისა და გაშენებული ვენახების ფართობების მიხედვით, ხოლო ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია: „გურჯაანი“, „ვაზისუბანი“, „კარდანახი“, „კახეთი“, „ნაფარეული“ (თეთრი), „ტიბაანი“, „წინანდალი“, „კოტეხი“ (თეთრი), „ბოლნისი თეთრი“ და „წარაფი“.
რქაწითლის დაყენების ტექნოლოგია
რქაწითელს საქართველოში აყენებენ კახურად – ტრადიციული მეთოდით, სრულ ჭაჭაზე, ქვევრში და ევროპულად – უჭაჭოდ, ჟანგავი ფოლადის ავზებში ან მუხის კასრებში. ასევე, რქაწითელი არის კარგი მასალა ცქრიალა ღვინისთვის.
რქაწითელი, როგორც ისტორია
XX საუკუნეში ივანე ჯავახიშვილი და რამდენიმე სხვა ევროპელი ისტორიკოსი ქართულ ღვინოს და მათ შორის, რქაწითელსაც იკვლევდნენ. მათ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ რქაწითელი, როგორც კულტურული ვაზის ჯიში, ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეში გამოჩნდა. და ამ უნიკალური ჯიშის სამშობლო კახეთია.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში რქაწითელი დიდი რაოდენობით მოაშენეს როგორც მეზობელ, ისე შორეულ ქვეყნებში, ენოლოგები თანხმდებიან, რომ საქართველოში და კონკრეტულად თავის მიკროზონაში – მდინარე ალაზნის ხეობის აღმოსავლეთ ნაწილში გაზრდილი და თანაც ქვევრში დაყენებული რქაწითლის ყურძნის ღვინო შეუდარებელია.
ისტორიკოსები ასკვნიან, რომ რქაწითელი ჩვ.წ. I საუკუნეში წარმოიშვა, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ჯიშს გაცილებით ხანგრძლივი ისტორია ჰქონდეს, თუნდაც თავად ქვევრის ასაკიდან გამომდინარე. ქვევრი ტრადიციული ქართული ღვინის დასაყენებელი ჭურჭელია და საქართველოში აღმოჩენილი მისი უძველესი ნიმუში დადასტურებულად, სულ მცირე, 8 000 წლისაა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ 8 ათასწლეულის განმავლობაში საქართველოში ვაზის მოვლისა და ქვევრში ღვინის დაყენების ციკლი არასდროს გამწყდარა.
რქაწითელი და ტრადიციები
ქართველები ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ღვინით აღნიშნავენ – ბავშვის დაბადებას საუკეთესო ღვინით ლოცავენ, მთელი ცხოვრების განმავლობაში მნიშვნელოვან თარიღებსა თუ მოვლენებს ღვინით ადღეგრძელებენ და ბოლოს, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ახლობლები ისევ ღვინით აცილებენ მას სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე. კახეთში ამბობენ, ადამიანი ღვინით იბადება და ღვინით კვდებაო, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქართველი ხალხისთვის ღვინო ღვთიური სასმლის ტოლფასია.
კახეთში ერთი უცნაური ტრადიციაც არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს, ზოგჯერ დღემდე შეხვდებით ამ სახალისო სანახაობას – როდესაც ვენახი მთლიანად დაიკრიფება და ზვრებიდან ბოლო მტევანიც გამოვა, რთველში მონაწილეებიდან ყველაზე დიდი წონის ადამიანი ვენახში გადაკოტრიალდება, რაც, ადგილობრივების რწმენით, მომდევნო წელს უხვი მოსავლის მიღების გარანტია.
რქაწითელი კუპაჟში
მიუხედავად იმისა, რომ რქაწითელი ათასწლეულებს ითვლის, ის საკმაოდ მოქნილი ჯიშია და განსაკუთრებულ სინთეზს ქმნის მონათესავე ჯიშებთან. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი კახურ მწვანესთან კუპაჟის შექმნა. Ასევე, ტიბაანის მიკროზონაში დაშვებულია 15%-მდე ხიხვის დამატება.
რქაწითელი სხვადასხვა ქართულ კერძთან
როგორც ტრადიციული, ქვევრის, ისე ევროპული წესით დაყენებული კახური რქაწითელი საკმაოდ ბევრ კერძს უხდება – მარტივ სადილს, სხვადასხვა სახეობის ქართულ ყველს (განსაკუთრებით ცხვრის გუდის ყველს), სალათებს, მწვადს, ხაჭაპურსა და ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს.
რქაწითელი თავად ყურძენიც შეგიძლია მიირთვა, თანაც მთელი სეზონის განმავლობაში, რადგან ის საკმაოდ კარგად ინახება. რქაწითლის დადუღებული წვენით – ბადაგით კი სხვადასხვა ტკბილეული მზადდება, მათ შორის, ცნობილი ქართული ჩაროზი – ჩურჩხელა.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები