ჩურჩხელა ქართველებისთვის ყოველთვის შემოდგომასთან და რთველთან ასოცირდება. თუმცა განსაკუთრებულ აქტუალობას მაინც ახალი წლის სუფრაზე იძენს
ჩურჩხელა სხვა ტკბილეულისგან განსხვავებით ნამდვილი ქართული ნუგბარია, გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა (რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული).
საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ჩურჩხელას თავისებური რეცეპტი აქვს, მაგრამ ძირითადი განსხვავება მაინც აღმოსავლურ ჩურჩხელასა და დასავლურ ჯანჯუხას შორის არის.
ჩურჩხელა თათარასგან და ნიგვზისგან კეთდება, ჯანჯუხა – ფელამუშისგან და თხილისგან.
აღმოსავლური ჩურჩხელა, როგორც წესი კენტად კეთდება, ანუ ძაფზე ერთი ჩურჩხელაა ასხმული; დასავლური ჯანჯუხა კი წყვილად ისხმება და შემდეგ ხის ჯოხზე გადაიკიდება.
დასავლურ ჯანჯუხას 2 -ჯერ მაინც ჭირდება ამოვლება, რადგან ფელამუში, როგორც წესი, თათარასთან შედარებით თხელი გამოდის.
ამოვლებულ ჩურჩხელებს ჰაერზე ვაშრობთ 10-15 დღის მანძილზე, შემდეგ კი ტილოს ჩანთაში ან მარლაში გახვეულებს ვინახავთ.
დღეს ბაზარზე თუ მაღაზიებში ჩურჩხელას უამრავი არჩევანია, თუმცა, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ფალსიფიცირებულია, ანუ ბადაგი, რომლის საფუძველზეც თათარაა დამზადებული, არის არა ყურძნის წვენი, არამედ შაქრისგან მომზადებული, არომატიზირებული სითხე. ამგვარი თათარა, ნატურალურისგან განსხვავებით, არც ისეთი გემრიელია და არც სასარგებლო. ფალსიფიცირებული და ნატურალური ჩურჩხელის გარჩევა საკმაოდ ძნელია.
ნატურალური ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ჩურჩხელას წვერი (ანუ თათარა/ფელამუში) ადვილად ტყდება, ფალსიფიცირებულს კი – არა.
ნატურალური ჩურჩხელა დროთა განმავლობაში თეთრი ნადებით იფარება, რაც გლუკოზის გამოყოფის შედეგია და რომელიც გაცილებით ჰაეროვანია, ვიდრე ფქვილი, რომლითაც ხშირად ხელოვნურად ფარავენ ფალსიფიცირებულ ჩურჩხელებს.
ბევრს ჰგონია, რომ გამაგრებული ჩურჩხელა აუცილებლად ფალსიფიცირებულია. ეს დიდი შეცდომაა! ჩურჩხელას სიმაგრე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად იყო ბადაგი დადუღებული. როგორც წესი, კარგი ჩურჩხელის მისაღებად ბადაგი დუღილის დროს უნდა განახევრდეს. ამ შემთხვევაში ჩურჩხელა ნაკლებად გამაგრდება. თუმცა, როგორც წესი, გასაყიდად გამიზნული ჩურჩხელებისთვის ბადაგი განახევრებისთვის ენანებათ ხოლმე და დუღილს აკლებენ, რის გამოც, დროთა განმავლობაში ჩურჩხელა ხმება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ჩურჩხელა ფალსიფიცირებულია.
მართალია, ბაზარზე და მაღაზიებში ჩურჩხელას მრავალფეროვანი არჩევანია, მაგრამ სახლში ამოვლებული სულ სხვაა! არ დაიზაროთ და მოამზადეთ სახლში ეს ჯანსაღი ნუგბარი, განსაკუთრებით ბავშვები თუ გყავთ ოჯახში.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები