როგორ აქცია მარიამ გურგენიანმა კულინარიული ჰობი წარმატებულ სტარტაპად – დედობა, ბიზნესი და სიყვარულით შექმნილი დესერტები

0
175

სახლში გამომცხვარი ვაფლებისა და ბლინების გემო ბევრისთვის ბავშვობასთან ასოცირდება. მარიამ გურგენიანისთვის კი ეს უბრალო ტკბილეული არაა – ის ოჯახური სითბოს, სიყვარულისა და შრომის ნაყოფია. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ჟურნალისტია, ამ ეტაპზე მისი მთავარი საქმიანობა და გულითადი საქმე სწორედ გემრიელი დესერტების მომზადებაა.

როგორ იქცა მისი ჰობი პატარა ბიზნესად? როგორ უთავსებს დედობასა და საკუთარ საქმეს? და რას ეტყოდა მათ, ვისაც ახალი საქმიანობის დაწყება სურს? ამ ყველაფერზე თავად მარიამი გვესაუბრება.

 

-დავიწყოთ თავიდან – ვინ დგას Mariam’s Waffles-ის უკან?

_ მე ვარ მარიამ გურგენიანი, ვამზადებ გემრიელ ვაფლებსა და ბლინებს. ჩემი საქმიანობით მინდა გავუმარტივო საქმე იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ და დაკავებულები არიან და ვერ ახერხებენ დღის განმავლობაში ცხობას. სწორედ ამიტომ არსებობს „მარიამის ვაფლები“. სახლში მომზადებული რომ ძალიან გემრიელია, მგონი, ყველა ვთანხმდებით და მეც ზუსტად ასეთ გემოებს ვთავაზობ ჩემს მომხმარებელს.

– როგორ დაიწყეთ კულინარიით დაინტერესება?

_ მე ვარ ორი უსაყვარლესი შვილის დედიკო. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მრავალფეროვანი მენიუ შემეთავაზებინა ჩემი პატარებისთვის და დღემდე ასეა. შესაბამისად, ხშირად ვეძებდი მარტივ და გემრიელ რეცეპტებს. ყოველ მომატებულ თვეს ახალი და საინტერესო რეცეპტი ემატებოდა, სწორედ ეს გახდა ჩემი კულინარიით დაინტერესების მიზეზი.

– რატომ გადაწყვიტეთ ბლინებისა და ვაფლების მომზადება და არა, მაგალითად, სხვა დესერტი ან კერძი?

_ ერთ საღამოს, როდესაც მოვამზადე ბლინები, გაბრიელმა მითხრა: „მოდი, ხვალ ჩემს მეგობრებს გავასინჯოთო,“ და სწორედ აქედან გაჩნდა იდეა. „მარიამის ვაფლები და ბლინები“ არის დედიკოს სტარტაპი, ამიტომ მინდოდა ისეთი რამ შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს მე და ჩემს პატარებს.

– მხოლოდ ტრადიციულ რეცეპტებს იყენებთ, თუ საკუთარ ვერსიებს ქმნით?

_ იცით, ვფიქრობ, ყველა ჩემი რეცეპტი ინდივიდუალურია, რადგან არასდროს ვიცი დოზა და ყოველთვის სიყვარულით ვაცხობ.

– რით გამოირჩევა თქვენ მიერ მომზადებული დესერტი სხვისგან?

_ ვფიქრობ, ბევრი დადებითი ენერგია მოაქვს ჩემს დესერტებს. სანამ ცხობას დავიწყებ, აუცილებლად ვემზადები იმისთვის, რომ უგემრიელესი გამოვიდეს.

– აპირებთ მხოლოდ ბლინებისა და ვაფლების გაკეთებას, თუ სხვა დესერტებისა და კერძების დამატებასაც გეგმავთ?

_ ვგეგმავ, დავამატო ხორციანი და ყველიანი ბლინები. ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენი საყვარელი კერძია.

– როგორი არის თქვენი ტიპიური დღე, როცა ერთდროულად ბლინებსაც ამზადებთ და ბავშვებსაც უვლით?

_ სტანდარტულად, რაც არის დედიკოების რუტინა – ბავშვის მოვლა, კვება და განვითარება. ამ ყველაფერს ემატება მესიჯი „მარიამის ვაფლების“ გვერდზე: „გამარჯობა, მინდა შევუკვეთო ბლინები.“ ამ დროს ვხვდები, რომ რუტინა ირღვევა და თითქოს ბავშვებიც უფრო დამჯერები ხდებიან, თითქოს ხვდებიან, რომ კარგად უნდა მოიქცნენ. ყველაფერი თავისებურად ხდება. ბევრი შეკვეთა ზოგისთვის თუ სტრესულია, ჩემთვის – სასიამოვნოა.

– რას ნიშნავს თქვენთვის იყო დედა და ამავდროულად საკუთარი საქმე გქონდეთ?

ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე, რადგან ჩემს პატარებსაც არ უნდა მოვაკლო ყურადღება და თან უნდა ვიზრუნო, რომ ჩემი მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილი იყოს. უფრო ძლიერი და მოტივირებული ვხდები წამოწყებული საქმიანობით. არ ვიღლები, უფრო ვივსები ენერგიით.

– ყოფილა მომენტი, როცა მუშაობისა და შვილებისთვის დროის გამონახვა რთული გამხდარა? როგორ გაუმკლავდით?

_ კი, მქონდა მსგავსი შემთხვევა და ამ დროს ჩემი მეუღლე მეხმარება, რომელიც ყველაფერში მხარს მიჭერს და ძალიან ბედნიერია, რომ მე კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. ისიც მაქსიმალურად ცდილობს არასამუშაო დროს დამეხმაროს.

– რა გახდა იმის მთავარი მიზეზი, რომ მაინც არ შეწყვიტეთ ამ საქმის კეთება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი აზრით, შვილებს მეტი დრო სჭირდებათ?

_ იცით, ზუსტად მქონდა გადაწყვეტილი, რომ დიასახლისობისა და დედობის გარდა მინდოდა ისეთი საქმიანობა, რომელიც გათვლილი იქნებოდა ხალხთან ურთიერთობასა და გაყიდვებზე.

– აპირებთ ამ საქმიანობის გაფართოებას?

_ რა თქმა უნდა, მინდა ამ საქმიანობის გაფართოება. ეს კი მთლიანად დამოკიდებულია ჩემი ვაფლებისა და ბლინების ცნობადობასა და გაყიდვებზე.

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საქმე რამდენიმე წლის შემდეგ?

_ „მარიამის ვაფლები“ ერთი თვის გახდა. ჯერ ბევრი კითხვა მაქვს, რომლებიც დროის გასვლას და დაკვირვებას მოითხოვს.

– რომ გქონდეთ შესაძლებლობა, რომელ სფეროში იმუშავებდით, გარდა კულინარიისა?

_ რომ არა კულინარია, ვიმუშავებდი რომელიმე ჟურნალის რედაქციაში ან რადიოში. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც ხალხთან ურთიერთობა მიწევს. ჩემთვის ჯანსაღი კომუნიკაცია და აზრების გაცვლა საკმაოდ საინტერესო პროცესია.

-და ბოლოს, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ახალი საქმიანობის დაწყება სურს, მაგრამ ეშინია? და ვინც ფიქრობს, რომ ოჯახისა და საკუთარი საქმის შეთავსება რთულია?

_ყველაზე რთული საქმე დიასახლისობაა – მთელ დროს შვილებს, მეუღლესა და საოჯახო საქმეებს უთმობ. მაგრამ როცა ამ ყველაფერს უთავსებ საქმიანობას, რომელიც გაბედნიერებს, სირთულეები გავიწყდება. არ თქვათ უარი პიროვნულ განვითარებაზე – ყველაფერს მოახერხებთ და შეუძლებელსაც შეძლებთ. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავთ რთულ სიტუაციებს.

შენი კალკულატორი გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

ავტორი:ნათია შამუგია

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ