საუზმის გამოტოვება შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვის კოგნიტიურ ფუნქციაზე,
აკადემიურ მოსწრებაზე, ფსიქო-სოციალურ ფუნქციასა და გუნება-განწყობაზე.
კვლევებით დადგინდა, რომ საუზმის გამოტოვებით ყალიბდება ნაკლებად სასარგებლო კვებითი ჩვევები, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს არაჯანსაღი საკვების მიღებას და სიმსუქნეს.
ბავშვისთვის განკუთვნილი საუზმის რაციონი უნდა შედგებოდეს:
სულ მცირე ერთ სასმელი + სამი ძირითადი ელემენტისგან: მარცვლოვანი (პური, ორცხობილა, მარცვლეულის ფანტელები და სხვა); რძის ნაწარმი (რძე, ყველი, იოგურტი და სხვა); ხილი (უმი ხილი, ხილის წვენი, დაუმტკბარი კომპოტი, ხილის პიურე და სხვა).ამასთან, 2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვი საუზმისას რძის ნაწარმის საშუალებით მინიმუმ 100 მგ კალციუმს უნდა იღებდეს.
საუზმის მენიუს შეიძლება დაემატოს: ერთი ცხიმის შემცველი პროდუქტი (კარაქი, მარგარინი და სხვა) ერთი შაქრის შემცველი პროდუქტი (თაფლი, ჯემი და სხვა) ერთი ცილოვანი პროდუქტი (კვერცხი, ხორცი და სხვა). სასმელში იგულისხმება წყალი, ხილის წვენი (100%-იანი, შაქრის დანამატის გარეშე) ან დაბალი ცხიმიანობის რძე (შაქრის დანამატის გარეშე). სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის საუზმეზე სასმელის სახით ჩაის მიცემა რეკომენდებული არ არის.
არ არის რეკომენდებული ისეთი საკვების რეგულარული გამოყენება, როგორიცაა ფუნთუშეული (მაგ. კრუასანი), შოკოლადი, კრემით და შოკოლადით შევსებული ნამცხვრები, შოკოლადიანი მარცვლეულის ფანტელები და სხვა ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც 15%-ზე მეტ ცხიმს შეიცავს. ასეთი პროდუქტების გამოყენების მაქსიმალური სიხშირეა 3-ჯერ 20 დღის განმავლობაში.
ამასთან, სასურველია, ბავშვები ხშირად იკვებებოდნენ ოჯახთან ერთად და ასევე ჩართული იყვნენ საკვების მომზადების პროცესში (საყიდლები, მომზადება).
მასალის გამოყენების პირობები