რა არის ნახევარფაბრიკატები? როგორ დავამზადოთ? და შევინახოთ?
ნახევარფაბრიკატი ის საკვები პროდუქტია, რომელმაც გაიარა პირველადი დამუშავება და საკვებად გამოყენებამდე საჭიროებს დამუშავების მომდევნო ეტაპს. უფრო გასაგებად კი, ეს არის საკვები პროდუქტი გარეცხილი, დამუშავებული, გასუფთავებული, გამოშიგნული, დაჭრილი, აკურატულად დაფასოებული, თუმცა, საკვებად გამოუსადეგარი, საამისოდ საჭიროა მისი მოხარშვა, შეწვა ან გამოცხობა.
მათ რიცხვს მიეკუთვნება ქათმის სხვადასხვა ნაწილები, სტეიკი, გაციებული და დაჭრილი სამწვადე ხორცი, კოტლეტები და ბიფშტექსები, ბევსტროგანოვი, საქონლის, ქათმისა და თევზის ფილე და სხვა. ეს ისეთი დაფასოებული პროდუქტია, რომ მოსამზადებლად მინიმალურ დროსა და ძალებს საჭიროებს.
ტერმინი ნახევარფაბრიკატი ბევრისთვის არაჯანსაღ და ხელოვნურ საკვებთან ასოცირდება, ამიტომ დროის ეკონომიისა და ამავდროულად ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით დღეს საკმაოდ ბევრი ქალი თავად ამზადებს ნახევარფაბრიკატებს და თავადვე ინახავს მათ საყინულეში.
დღეს სუპერმარკეტების უმრავლესობაში ნახევარფაბრიკატების შენახვის წესები დაცულია, მარტივადაა საქმე მათი შეძენისას, რადგან ვინახავთ მათ საყინულეში და მომზადების წინ ვხარშავთ ან ვწვავთ.
შინ დამზადებული, ნახევრადმზა საკვების შენახვისას კი გაცილებით მეტი ყურადღება და საჭირო წესის დაცვაა აუცილებელი, რათა პროდუქტმა სრულად შეინარჩუნოს კვებითი ღირებულება და თქვენი წვალებაც გამართლებული იყოს.
საყურადღებო რჩევები:
არსებობს პროდუქტები, რომლებიც გაყინვას არ ექვემდებარება და უმჯობესია, თუ მათ გასაყინად გამზადებულ საკვებს არ დავუმატებთ. ასეთებია: კიტრი, ყაბაყი და წყლის უხვად შემცველი სხვა პროდუქტი, რომლებიც გაყინვისას კარგავენ გემოს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება უმი კარტოფილიც, რომელსაც ხშირად უმატებენ გასაყინად გამზადებულ კოტლეტებში;
უკანასკნელ ხანს დიასახლისები განსაკუთრებით ხშირად ამზადებენ გასაყინად ხორცის ფარშს, მისგან კი კოტლეტებს, გუფთებსა და ტოლმებსაც აკეთებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ გასაყინად გამზადებული პროდუქტი აუცილებლად მაღალი ხარისხის ხორცისგან უნდა დამზადდეს, გარდა ამისა, კატეგორიულად დაუშვებელია ხახვით, ნივრით, მწვანილითა და სხვადასხვა სანელებლით უკვე შეზავებული ფარშის შენახვა. ასეთი ხორცი დანამატების გავლენით გაყინვისას იცვლის გემოს და რამდენადმე კარგავს კვებით ღირებულებასაც.
ვიდრე ნახევარფაბრიკატს საყინულეში მოათავსებთ, გააჩერეთ ისინი ოთახის ტემპერატურაზე, შედეთ რამდენიმე საათი მაცივარში და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ საყინულე კამერაში;გ ამოყენებამდე ასეთივე თანმიმდევრობით გაალღვეთ ისინი, საყინულიდან მაცივარში გადადგით, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე და საბოლოოდ გამლღვალი დაამუშავეთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია პროდუქტის შესანახი მასალა. ამისთვის საუკეთესოა მჭიდრო თავსახურიანი პლასტიკური ან მინის კონტეინერები, სპეციალური შესანახი პაკეტები, თუმცა, ეს უკანასკნელნი ყველაფრისთვის გამოსადეგი არ არის, რამდენადაც ვერ უზრუნველყოფს ნამზადის საჭირო ფორმის შენარჩუნებას.
გასათვალისწინებელია მათი შენახვის ვადებიც. დაბალი ტემპერატურის გავლენით მიკოორგანიზმები იღუპებიან და შესაბამისად, პროდუქტიც დიდი ხნით ინახება, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ექსპლუატაციისას ხშირად გვიწევს საყინულე კამერისა და მაცივრის გამოღება, იქ ტემპერატურა ცვალებადობს, რაც ამცირებს ნახევრადმზა პროდუქტების შენახვის ვადებს.
სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ამგვარი რეზერვის ორ თვეში ერთხელ სრულ განახლებას გვირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები