ხაჭოს ნებისმიერი კერძი გემრიელი გამოდის. ცხობისას კი ხაჭოანი ცომი სინაზეს და ჰაეროვან სტრუქტურას იძენს. ამიტომ გირჩევთ ხშირად გამოაცხოთ ხაჭოს ღვეზელი, რომლის რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ. მთავარია ყველა ინგრედიენტი იყოს ხარისხიანი. ხაჭოს ცხიმიანობა 9%-ს უნდა აღემატებოდეს, კარაქისა კი არ უნდა იყოს 80%ზე ნაკლები.
ინგრედიენტები
- ნახევარი კგ ხაჭო
- ასი გ შაქარი
- ასი გ კარაქი
- ერთი ცალი კვერცხი
- ნახევარი ჩ. კ. რძე
- 350 გ ფქვილი
- 10 გ გამაფხვიერებელი
- ერთი ჩ. კ. ვანილის შაქარი
- ერთი კვერცხის გული
მომზადება
1. ბლენდერის დახმარებით შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, ვანილის შაქარი, დარბილებული და დაჭრილი კარაქი, კვერცხი და შაქარი. მიღებულ მასას ჩააცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და მოზილეთ რბილი ცომი.
2. სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი და მასზე გააბრტყელეთ ცომი თხელი ფირფიტის სახით. ამოჭერით წრეები ჭიქის ან სპეციალური ფორმის დახმარებით.
3. წრეები დაალაგეთ ერთმანეთზე (4-5 ცალი) და გადაახვიეთ რულეტის სახით. შემდეგ გაჭერით შუაზე.
4. მრგვალ საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და დაალაგეთ მასზე გადაჭრილი რულეტები. წაუსვით ზემოდან კვერცხის გულისა და რძის ნარევი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.
სურვილის მიხედვით, ხაჭოს ღვეზელი შეგიძლიათ მორთოთ შაქრის პუდრით ან ნაყინით. ძალიან უხდება არაჟანი და ათქვეფილი ნაღები. გემრიელად მიირთვით ჩაისთან ერთად!
გააზიარეთ რეცეპტი სოცქსელების საშუალებით სხვებისთვისაც!